უკან დაბრუნება
31 მარტი 2020

ზურაბიშვილის ციტატები ჰააგაში, ომი და სამართალი

ნინო თარხნიშვილი, რადიო „თავისუფლება“
22.10.2018.
 
ქართველების ტრაგედია 2003-2008 - ეს წიგნი სალომე ზურაბიშვილმა დაწერა - „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა. წიგნი 2008 წელს, ფრანგულ ენაზე, პარიზში გამოიცა და იქ მოთხრობილია ამბები 2003 წლის ვარდების რევოლუციით დაწყებული და 2008 წელს საქართველოში რუსული ტანკების შემოსვლით დამთავრებული. რა ხდებოდა ამ ორ თარიღს შორის? წიგნის ავტორი მოვლენებს „შიგნიდან“ აკვირდება და ჰყვება - ასე ახასიათებს წიგნის გამომცემლობა სალომე ზურაბიშვილის დოკუმენტურ პროზას.

​სწორედ ამ წიგნის ამონარიდები მოხვდა 2009 წელს, რუსეთის საპასუხო სარჩელში ჰააგის საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლოში. სასამართლოში, სადაც საქართველომ 2008 წლის 12 აგვისტოს წარადგინა საჩივარი რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც შეეხებოდა გაეროს რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კონვენციის დარღვევას და სადაც საქართველო მიუთითებდა, რომ აგვისტოს ომის პერიოდში, რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებმა ეთნიკურად ქართველები დისკრიმინაციულ მოპყრობას დაუქვემდებარა.


პარტია „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ 22 ოქტომბერს, ჰააგის სასამართლოში რუსეთის ფედერაციის 2009 წლის საპასუხო სარჩელის ამონარიდი წარუდგინა ჟურნალისტებს და განაცხადა, „ეს არის ფაქტი, რომელიც ადასტურებს, რომ ქალბატონი ზურაბიშვილის მოსაზრებებს და მის ხედვას იყენებს ოკუპანტი იმისთვის, რომ ჰააგის სასამართლოში გაამართლოს საქართველოს ოკუპაცია და ქართველების ეთნიკური წმენდა“. დავით ბაქრაძემ იქვე დასძინა, რომ ზურაბიშვილის განცხადებები არის საშიში და ზიანის მომტანი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის და საშიში საქართველოს გაერთიანების პერსპექტივისთვის.

​რუსეთის მიერ 2009 წლის 1 დეკემბერს შეტანილ შესაგებელ სარჩელში მოყვანილია საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის, სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომ საქართველო 2007 წლის მეორე ნახევრიდან ზრდიდა თავის სამხედრო პოტენციალს. "ევროპულ საქართველოს" მოჰყავს ფრანგულენოვანი წიგნიდან ინგლისურად ნათარგმნი ციტატა, სადაც საუბარია იმაზე, რომ 2007 წელს საქართველომ გაზარდა ძვირად ღირებული შეიარაღების შეძენა და შეინიშნებოდა ომის რიტორიკა და დაკარგული ტერიტორიების ძალით რეინტეგრაციის განზრახვა.

იქონია თუ არა გავლენა ზურაბიშვილის ციტატებმა სასამართლოს გადაწყვეტილებაზე?

იმოქმედა თუ არა ჰააგის საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილებაზე რუსეთის მიერ წარდგენილ დოკუმენტში ასახულმა სალომე ზურაბიშვილის წიგნიდან ამონარიდებმა, ამის შესახებ კომენტარი უჭირს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტს ნინო ჯომარჯიძეს. ის ამბობს, რომ 2011 წლის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ჰააგის სასამართლომ არ ცნო დასაშვებად საქართველოს სარჩელი, სხვა მიზეზს უკავშირდებოდა: „დიახ, რუსეთს სასამართლოში წარდგენილ დოკუმენტში მართლაც აქვს გამოყენებული ციტატები სალომე ზურაბიშვილის წიგნიდან, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს სარჩელის დაუშვებლად ცნობის საფუძველი გახდა სულ სხვა მიზეზი - დასაშვებობის კრიტერიუმი. ხოლო დაექვემდებარნენ თუ არა დისკრიმინაციულ მოპყრობას ეთნიკურად ქართველები რუსი და ოსი სამხედროების მხრიდან, ამ საკითხის არსებითად განხილვაში სასამართლო საერთოდ აღარ შესულა. ამ საჩივარმა ვერ გაიარა დასაშვებობის კრიტერიუმი, რადგან არ იყო დაკმაყოფილებული რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის ერთ-ერთი მუხლი, რომლის მიხედვითაც, სანამ ქვეყანა სასამართლოში საჩივარს შეიტანს, აუცილებელია, რომ იმ საკითხთან დაკავშირებით, რასაც მხარე საჩივარში აყენებს, მოლაპარაკებები აწარმოოს მოწინააღმდეგე სახელმწიფოსთან. სასამართლომ კი დაადგინა, რომ მსგავს მოლაპარაკებებს არ ჰქონია ადგილი მხარეებს შორის“, - ამბობს ნინო ჯომარჯიძე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას.

შედეგად, 2011 წელს საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ის აღარ დაიწყებდა საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის არსებით განხილვას. 10 ხმით 6-ის წინააღმდეგ სასამართლომ დაადგინა, რომ "მას არ გააჩნია უფლებამოსილება განიხილოს საქართველოს მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს შეტანილი სარჩელი“. ამის შესახებ განცხადება სასამართლოს თავმჯდომარემ, მოსამართლემ ჰისაში ოვადამ ჰააგაში 2011 წლის 1 აპრილს გამართულ საჯარო სხდომაზე გააკეთა. ასე დასრულდა 2011 წელს ჰააგის საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლოში საქართველოს დავა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ...
 
ჰააგაში აგვისტოს ომის შესახებ გამოძიება გრძელდება
 
...თუმცა, ჰააგაში არ დასრულებულა 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ მსჯელობა, გამოკვლევა და გამოძიება. ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში დღემდე მიმდინარეობს გამოძიება იმის თაობაზე, იყო თუ არა ჩადენილი ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული და ომის დანაშაული 2008 წლის აგვისტოს ომის დროს.

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურატურის ოფისი 2008 წლის აგვისტოდან აწარმოებდა წინასწარ მოკვლევას, რომლის მიზანიც იყო დაედგინა, არსებობს თუ არა დასაბუთებული ვარაუდი გამოძიების დასაწყებად. რამდენიმეწლიანი გამოკვლევის შედეგად, 2015 წელს ჰააგის სასამართლოს პროკურორის ოფისმა გადაწყვიტა, რომ არსებობდა საკმარისი საფუძველი გამოძიების დასაწყებად და სწორედ ამ მიზნით, მიმართა ჰააგის სასამართლოს პალატას და მოითხოვა გამოძიების დაწყების თაობაზე უფლებამოსილების გაცემა.
ჰააგის სასამართლოს პალატამ, 2016 წელს მიიღო გადაწყვეტილება და სასამართლოს პროკურორის ოფისს მისცა უფლება გამოძიების დაწყების თაობაზე. განისაზღვრა გამოძიების ფარგლებიც. პროკურორის ოფისი იძიებს იმ დანაშაულებს, რომლებსაც ადგილი ჰქონდა 2008 წლის პირველი ივლისიდან, 2008 წლის 10 ოქტომბრამდე პერიოდში, სამხრეთ ოსეთის ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე და რომლებიც ჩადენილი იყო ქართველი, რუსი ან ოსი სამხედრო პირების მიერ. შესაბამისად, გამოძიების ფარგლებში უნდა დადგინდეს კონკრეტული პირის პასუხისმგებლობის საკითხი, რომელიც არის მაგალითად, პასუხისმგებელი რომელიმე ქალაქის დაბომბვაზე, პირთა დაკავებაზე. უნდა აღინიშნოს, რომ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ფუნქციას არ წარმოადგენს, მაგალითად, იმის განსაზღვრა, თუ ვინ დაიწყო ომი. მის უშუალო უფლებამოსილებაში შედის, მხოლოდ და მხოლოდ, კონკრეტული ინდივიდის პასუხისმგებლობის დადგენა. ამავდროულად, სასამართლო ადგენს მხოლოდ მაღალი თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხს, მაგალითად, როგორიც შეიძლება იყოს მინისტრი, სამხედრო გენერალი, შტაბის უფროსი და ა.შ.

მიუხედავად იმისა, რომ ცნობილია, თუ რა შინაარსის ინფორმაცია მიაწოდა რუსეთმა ჰააგის საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლოს 2009 წელს, სამაგიეროდ, არაფერია ცნობილი იმის შესახებ, თუ რა ინფორმაციას აწვდიდა რუსეთი 2008-2015 წლებში ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს. სწორედ ამ პერიოდში ჰქონდათ საშუალება მხარეებს ჰააგის სასამართლოს პროკურორის ოფისისთვის მიეწოდებინათ სხვადასხვა სახის მასალა. 2016 წლიდან, ანუ მას შემდეგ, რაც სასამართლომ არსებითი გამოძიება დაიწყო, რუსეთი სასამართლოსთან აღარ თანამშრომლობს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ნინო ჯომარჯიძე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ, როგორც ჰააგის სასამართლო განმარტავს, ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია: „კითხვაზე, თუ რა ეტაპზეა სასამართლო პროცესი, ჰააგის სასამართლოს პროკურორის ოფისიდან ვიღებთ მხოლოდ პასუხს, რომ გამოძიება გრძელდება და ეს პროცესი არის კონფიდენციალური. ჩვენ პერიოდულად გვაქვს შეხვედრები როგორც ჰააგის სასამართლოში, ისე საქართველოშიც, როდესაც სასამართლოს პროკურორის ოფისის წარმომადგენლები ჩამოდიან თბილისში და ყოველთვის ველაპარაკებით მათ იმ პრობლემურ საკითხებზე, რომლებიც დღეს მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით გვაქვს“.

ნინო ჯომარჯიძის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ პროცესი კონფიდენციალურია, ომის მსხვერპლთ აუცილებლად უნდა ჰქონდეთ გარკვეული სახის ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე. ის ასევე თვლის, რომ ძალიან ბევრმა მსხვერპლმა და საზოგადოების დიდმა ნაწილმა არ იცის და არ გააჩნია საკმარისი ინფორმაცია ჰააგის სასამართლოს მანდატისა და საქმიანობის შესახებ: „აქედან გამომდინარე, მათთვის ცოტა რთულია მიიღონ გადაწყვეტილება, როგორ ჩაერთონ ამ პროცესში, რა შედეგით შეიძლება ის დასრულდეს. იქნება თუ არა მათთვის სარგებელი და ა.შ. გარდა ამისა, იმ პირობებში, როდესაც რუსეთის ფედერაცია არ თანამშრომლობს ჰააგის სასამართლოსთან, არსებობს გარკვეული რისკები, რომ მიმდინარე გამოძიება, არ იქნება ისეთი სრულყოფილი, როგორც რუსეთის ფედერაციის მხრიდან თანამშრომლობის შემთხვევაში იქნებოდა“.
 

რას და როგორ იძიებს ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლო?
 
ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლო არის ორგანო, რომელიც მსოფლიო მასშტაბით იძიებს ყველაზე მძიმე ტიპის დანაშაულებს, კერძოდ, ეს არის ოთხი ტიპის დანაშაული - გენოციდი, ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, ომის დანაშაული და აგრესიის დანაშაული. სასამართლო ფუნქციონირებს 2002 წლიდან, რომელიც შეიქმნა „რომის სტატუტის“ საფუძველზე. სასამართლო იურისდიქციას წარმოადგენს დაადგინოს არა სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, არამედ კონკრეტული ინდივიდის პასუხისმგებლობა. განსხვავებით სხვა საერთაშორისო სასამართლოებისგან, მაგალითად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსგან, ჰააგის სასამართლოში არ ხდება სახელმწიფოს ან მოქალაქეების მხრიდან საჩივრების წარდგენა. ჰააგის სასამართლოს პროკურატურის ოფისი გამოძიებას იწყებს სამ შემთხვევაში: როდესაც "რომის სტატუტის" წევრი სახელმწიფო მიმართავს პროკურატურის ოფისს და სთხოვს, რომ დაიწყოს გამოძიება; როდესაც გაეროს უშიშროების საბჭო აწვდის ინფორმაციას პროკურატურის ოფისს და მესამე - ჰააგის სასამართლოს პროკურატურის ოფისი თავისი გადაწყვეტილებით იწყებს გამოძიებას. სწორედ ასეთი იყო 2008 წლის საქართველოს შემთხვევა.
 
 
ორიგინალი
 
 

gcicc
The Hague