სტრასბურგის სასამართლო

2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის დროს განხორციელებული საომარი მოქმედებების შედეგად არაერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაზარალდა და შეილახა მათი ფუნდამენტური უფლებები. ომის დროს მასობრივად ხდებოდა მოქალაქეთა ქონების ძარცვა და განადგურება. ასევე, ხშირი იყო მოქალაქეთა უკანონოდ დაკავება და მათ მიმართ წამების და არასათანადო მოპყრობის განხორციელება. არაერთი მშვიდობიანი მოქალაქე გარდაიცვალა საჰაერო დაბომბვისა და სროლების შედეგად. 

ომის დროს რუსეთის ფედერაციის მხრიდან ადამიანის უფლებათა დარღვევები ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ სახელმწიფოთაშორისი და ინდივიდუალური საჩივრების შეტანის საფუძველი გახდა. 

სახელმწიფოთაშორისი საჩივარი საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)

2008 წლის 11 აგვისტოს საქართველომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დროებითი ღონისძიების მიღების მოთხოვნის მიმართა. 2008 წლის 12 აგვისტოს, საქართველოს მოთხოვნის საფუძველზე, სასამართლომ რეგლამენტის 39-ე წესის შესაბამისად მიიღო დროებითი ღონისძიება, რომლითაც ორივე სახელმწიფოს მოუწოდა, კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებების პატივისცემის და შესრულებისკენ. დროებითი ღონისძიება დღემდე მოქმედებს. 

2009 წლის 6 თებერვალს საქართველომ სტრასბურგის სასამართლოში სახელმწიფოთაშორისი საჩივარი წარადგინა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. საჩივარი შეეხება 2008 წლის აგვისტოში  საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის მიერ განხორციელებულ ადამიანის უფლებათა მასობრივ დარღვევებს, კერძოდ: 

  • ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლით გარანტირებული სიცოცხლის უფლების დარღვევას საჰაერო დაბომბვის და ქვეითი ძალების მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგად;
  • მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ წამებას, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას და მათთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთას კონვენციის მე-3 და მე-5 მუხლების მოთხოვნების საწინააღმდეგოდ; 
  • პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლების დარღვევას კონვენციის მე-8 მუხლის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ;
  • კონვენციის 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლით დაცული საკუთრების უფლების მასობრივ დარღვევას;
  • კონვენციის 1-ლი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლით და მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლით გარანტირებული განათლების უფლების და მიმოსვლის თავისუფლების დარღვევას;
  • აღნიშნულ დარღვევებთან დაკავშირებით სამართლებრივის დაცვის ეფექტიანი საშუალებების არარსებობას კონვენციის მე-13 მუხლის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ. 

2011 წლის 22 სექტემბრის გამართული სასამართლო მოსმენის შემდეგ, 2011 წლის 13 დეკემბერს სასამართლო პალატამ სახელმწიფოთაშორისი საჩივარი დასაშვებად ცნო, საქმის არსებითი მხარის წინასწარი შეფასების გარეშე.
2012 წლის 3 აპრილს პალატამ თავისი იურისდიქცია დაუთმო დიდ პალატას, შესაბამისად სახელმწიფოთაშორისი საჩივარი განსახილველად დიდ პალატას გადაეცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 30-ე მუხლის საფუძველზე, რომელიც ითვალისწინებს საქმის დიდი პალატისთვის გადაცემას ისეთ შემთხვევაში, თუ პალატაში განსახილველი საქმე წამოჭრის კონვენციის ან მისი ოქმების განმარტებისთვის სერიოზულ საკითხს. 

2016 წლის 6 ივნისიდან 17 ივნისამდე პერიოდში ევროპული სასამართლოს შვიდი მოსამართლისგან შემდგარმა დელეგაციამ სახელმწიფოთაშორის საჩივარზე მოწმეთა ჩვენებებს მოუსმინა. ჯამში 33 მოწმე იქნა გამოკითხული: აქედან 16 მათგანი გამოძახებული იყო საქართველოს მიერ, 11 - რუსეთის ფედერაციის მიერ, ხოლო 6 მოწმე უშუალოდ სასამართლოს მიერ იყო მოწვეული.

საქმეზე ბოლო ზეპირი სხდომა 2018 წლის 23 მაისს გაიმართა. ამ ეტაპზე სასამართლოს დიდ პალატას სახელმწიფოთაშორის საჩივარზე გადაწყვეტილება არ მიუღია. 

მოქალაქეთა ინდივიდუალური საჩივრები რუსეთის წინააღმდეგ 

2009 წლის თებერვალში აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულმა პირებმა ინდივიდუალური საჩივრებით მიმართეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, ხოლო რამდენიმე მომჩივანმა საჩივარი 2010 წლის აპრილში წარადგინა. 

აღნიშნული საჩივრები შეეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული ისეთი უფლებების დარღვევებს, როგორიცაა სიცოცხლის უფლება (კონვენციის მე-2 მუხლი), წამების აკრძალვა (კონვენციის მე-3 მუხლი), მონობისა და იძულებითი შრომის აკრძალვა (კონვენციის მე-4 მუხლი), თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება (კონვენციის მე-5 მუხლი), პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება (კონვენციის მე-8 მუხლი), სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება (კონვენციის მე-13 მუხლი), დისკრიმინაციის აკრძალვა (კონვენციის მე-14 მუხლი), საკუთრების უფლება (კონვენციის 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი) და მიმოსვლის თავისუფლება (კონვენციის მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი).

2011 წლის 1 სექტემბერს, სტრასბურგის სასამართლომ ინდივიდუალური საჩივრების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა რუსეთის ფედერაციას როგორც მოპასუხე სახელმწიფოს. თუმცა, საქმის განხილვის იმ ეტაპზე სასამართლომ რუსეთს არ მოთხოვა წერილობითი არგუმენტაციის წარდგენა. 

ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, როდესაც ერთი და იგივე საკითხთან დაკავშირებით წარდგენილია სახელმწიფოთაშორისი და ინდივიდუალური საჩივრები, სასამართლო პირველ რიგში განიხილავს სახელმწიფოთაშორის საჩივარს და მხოლოდ აღნიშნულ საჩივარზე გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ განაახლებს ინდივიდუალური საჩივრების განხილვას. 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით ასევე, შეტანილია სახელმწიფოთაშორისი საჩივარი საქართველო რუსეთის წინააღმდეგ, რომელზეც სასამართლოს ამ დრომდე არ მიუღია გადაწყვეტილება. მას შემდეგ, რაც სტრასბურგის სასამართლო სახელმწიფოთაშორის საჩივარზე გამოიტანს გადაწყვეტილებას, ის განაახლებს ინდივიდუალური საქმეების განხილვას.