ისტორია

2003 წლის 3 სექტემბერს საქართველო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდების (რომის სტატუტი) მონაწილე სახელმწიფო გახდა. 2003 წლის 20 ოქტომბერს, არასამთავრობო ორგანიზაციის - კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის ინიციატივით, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციათა წარმომადგენლებმა დაიწყეს მსჯელობა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მხარდასაჭერად ეროვნული კოალიციის შექმნის საჭიროებაზე. მოგვიანებით, თითქმის ერთწლიანი მოსამზადებელი სამუშაოების შედეგად შემუშავდა სამოქმედო გეგმა და, 2004 წლის ივნისში, შვიდი ქართული ორგანიზაციის მიერ ეროვნული კოალიცია სახელწოდებით „საქართველოს კოალიცია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსათვის“ დაფუძნდა

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსათვის საქართველოს კოალიციის დამფუძნებელი ორგანიზაციები იყვნენ: ადამიანის უფლებათა ინფორმაციისა და დოკუმენტაციის ცენტრი (HRIDC), ევროპის საბჭოს ასოციაცია (ACE), კავკასიის ინსტიტუტი მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარებისათვის (CIPDD), კონსტიტუციის 42-ე მუხლი (Article 42 of the Constitution), კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი (ICCN), საერთაშორისო სისხლის სამართლის საქართველოს ცენტრი (GCICL) და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA). 

კოალიციის საქმიანობას არეგულირებდა კოალიციის წესდება, რომელიც, ძირითადად, განსაზღვრავდა კოალიციის საქმიანობის, წევრობის და ხელმძღვანელობის ზოგად წესებს. 

2005 წელს მსოფლიო ფედერალური მოძრაობის (WFM-CICC (WORLD FEDERALIST MOVEMENT)) მხარდაჭერით წარიმართა საქმიანობა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსათვის სამხრეთ კავკასიის კოალიციის ჩამოსაყალიბებლად, რომლის მიზანი იყო აზერბაიჯანსა და სომხეთში რომის წესდების რატიფიკაციის და განხორციელების ხელშეწყობა. 

2006 წლის 5-6 აპრილს ბაქოში, აზერბაიჯანი, ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია:  „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო: სამხრეთ კავკასიის პერსპექტივები“. კონფერენციაზე აზერბაიჯანის და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა თანამშრომლობის მემორანდუმზე ხელმოწერით გამოაცხადეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მხარდაჭერა რეგიონში. 

2006 წლის 3 აპრილს,  სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის საქართველოს კოალიციის წევრებმა გამართეს პრესკონფერენცია თემაზე: „ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო, როგორც საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმი აფხაზეთში ჩადენილი დანაშაულების გამოძიების საქმეში“. კოალიცია გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის მიხედვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილმა მინისტრმა, მოძრაობა „ჩვენ თვითონ“ ხელმძღვანელმა, პაატა დავითაიამ, ICC-ს პროკურორის ოფისს (OTP) წარუდგინა ინფორმაცია აფხაზეთში ჩადენილი დანაშაულების შესახებ. საქართველოს კოალიციამ თავის მხრივ, მხარი დაუჭირა ჰააგის სასამართლოს მიერ აფხაზეთში სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების დაწყებას.

საქართველოს კოალიციის თავმჯდომარე ორგანიზაციები: 

2004 - 2010 - კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი
2010 – 2017 - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
2017 – 2019 - ადამიანის უფლებათა ცენტრი
2019 წლის ოქტომბრიდან დღემდე - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

ამჟამად კოალიცია აერთიანებს შემდეგ ორგანიზაციებს: ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი, საერთაშორისო მართლმსაჯულება, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი.