უკან დაბრუნება
12 სექტემბერი 2019

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მომავალი პროკურორის არჩევა: საქართველოს სიტუაციისთვის არსებული გამოწვევები

2020 წლის დეკემბერში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრ სახელმწიფოთა ასამბლეა (ASP) ახალ პროკურორს აირჩევს მომდევნო 9 წლის ვადით. 2019 წლის აგვისტოს დასაწყისში გამოქვეყნდა ვაკანტური თანამდებობის შესახებ განცხადება, რომელშიც აღწერილია პროკურორის ძირითადი საქმიანობები და მოვალეობები, ასევე - საკვალიფიკაციო და პროფესიული გამოცდილების შესახებ მოთხოვნები. 

განცხადების თანახმად, შერჩეულ კანდიდატს უნდა ჰქონდეს დადასტურებულად  ფართო პრაქტიკული გამოცდილება, განსაკუთრებით - სისხლის სამართლის კომპლექსურსაქმეებზე პროკურორად მუშაობის, გამოძიებაში მონაწილეობის, სასამართლო პროცესებზე გამოსვლის და სარჩელების მომზადების გამოცდილება. აღნიშნული პოზიცია მოითხოვს გაცხადებულ დამოუკიდებლობას, მიუკერძოებლობასა და სამართლიანობის დაცვის ერთგულებას; ანგარიშვალდებულებას, ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის პატივისცემას; მენეჯერულ და ლიდერობის გამოცდილების; ასევე ეროვნული ან საერთაშორისო სისხლის სამართლის კანონმდებლობისა და პროცედურების, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და საჯარო საერთაშორისო კანონმდებლობის სიღრმისეულ ცოდნას. 

დაინტერესებულ კანდიდატებს შეუძლიათ, კონფიდენციალურად წარადგინონ აპლიკაციები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დასაქმების ელექტრონულ სისტემაში 2019 წლის ოქტომბრის დასასრულამდე. პროკურორის შესარჩევი კომიტეტი (რომელიც შეიქმნა წევრ სახელმწიფოთა ასამბლეის ბიუროს მიერ) და მისი დამხმარე დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფი შეარჩევს კანდიდატებს ინტერვიუს გასავლელად. პირველადი შერჩევის შედეგად შერჩეული კანდიდატების დადგენის შემდეგ, ბიურო აცნობებს წევრ სახელმწიფოებს და მოიწვევს მათ, რათა დაასახელონ, მოიწონონ და მხარი დაუჭირონ ყრილობის მიერ პირველ ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებს. 

წინარე ისტორია

შერჩეული კანდიდატი გახდება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მესამე პროკურორი. სასამართლოს პირველი პროკურორი - არგენტინელი იურისტი ლუის მორენო ოკამპო აირჩიეს 2003 წელს. მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა 78-მა წევრმა სახელმწიფომ არცერთის წინააღმდეგ. ოკამპო იყო ერთადერთი ოფიციალური კანდიდატი, რომელიც დასახელდა პირველი სესიის მეორე განახლების დროს ნიუ-იორკში გამართულწევრ სახელმწიფოთა ასამბლეაზე. მისი ვადის პერიოდში, ოკამპომ დაიწყო გამოძიებები შვიდ ქვეყანაში: უგანდა, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, აფრიკის ცენტრალური რესპუბლიკა, დარფური (სუდანი), კენია, ლიბია და კოტ დ’ივუარი. 

2012 წელს, გამბიელმა იურისტმა ფატუ ბენსუდამ, რომელიც იმავე დროს იკავებდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის მოადგილის პოზიციას, დაიკავა პროკურორის ადგილი ოკამპოს შემდეგ. ბენსუდას არჩევამდე ბიურომ შექმნა ძიების კომიტეტი, რომელმაც მიიღო მსურველთა 51 აპლიკაცია. 51 კანდიდატიდან კომიტეტი გაესაუბრა მხოლოდ რვას და არაფორმალური საკონსულტაციო პროცესის ფარგლებში,კონსენსუსით შერჩეული კანდიდატის ნომინირების სახით, კომიტეტმა ბიუროს წარუდგინა მხოლოდ პირველ ეტაპზე შერჩეული ოთხი კანდიდატი გამბიიდან, გაერთიანებული სამეფოდან, ტანზანიიდან და კანადიდან. 

კონსულტაციები დასრულდა საერთო შეთანხმებით, რომ შემდეგი პროკურორი უნდა ყოფილიყო აფრიკელი. აღნიშნული გადაწყვეტილება დიდწილად გამოწვეული იყო იმ ფაქტით, რომ იმ პერიოდში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო იძიებდა შვიდ სიტუაციას და ყველა მათგანი იყო აფრიკაში. შედეგად, წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ წევრი ქვეყნების ყრილობისთვის წარედგინათ კონსენსუსით შერჩეული კანდიდატი ფატუ ბენსუდა. შესაბამისად, გამბიამ დაასახელა ბენსუდა და მას მხარი დაუჭირა 66-მა წევრმა ქვეყანამ. ის აირჩიეს აკლამაციით და პროკურორის პოზიციაზე საქმიანობას შეუდგა 2012 წლიდან. 

პირველი ორი წლის განმავლობაში მალის მთავრობამ და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკამ (უკვე მეორედ) გამოსაძიებლად გადასცეს მათი სიტუაციები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, რამაც გამოიწვია გამოძიების დაწყება მალიში 2013 წელს და აფრიკის ცენტრალურ რესპუბლიკაში 2014 წელს. 2014 წლის ბოლოს სასამართლო მუშაობდა 9 აქტიურ სიტუაციაზე აფრიკის კონტინენტზე. ამან გააძლიერა სასამართლოს მიმართ მანამდე არსებული კრიტიკა, რომ ის არის არაეფექტური, ნეოკოლონიალური დასავლური ინსტიტუტი, რომელიც მხოლოდ აფრიკულ სახელმწიფოებს იღებდა სამიზნედ. მოგვიანებით აღნიშნული კრიტიკა იმდენად გაძლიერდა, რომ რამდენიმე სახელმწიფომ დაიწყო დამუქრება, რომ ისინი დატოვებდნენ სასამართლოს იურისდიქციას. მათ ასევე დაიწყეს ლობირება, რომ აფრიკულ კავშირს მიეღო სასამართლოს იურისდიქციიდან ერთობლივად გამოსვლის სტრატეგია. 

საქართველოს სიტუაცია

არსებული ვითარებიდან გამომდინარე, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის არსებითად მნიშვნელოვანი იყო, გამოძიება დაწყებულიყო აფრიკის გარეთ არსებულ ვითარებაზე, რათა აღდგენილიყო მისი თავდაპირველი იმიჯი, როგორც ყველა ხალხისთვის შექმნილი სასამართლოსი, რომლის მიზანია, დაასრულოს დაუსჯელობა მთელ მსოფლიოში. მართლაც, 2015 წლის ოქტომბერში ბენსუდამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეებს წარუდგინა მოთხოვნა, უფლება მიეცათ, გამოძიება დაეწყო საქართველოში. საკითხი ეხებოდა საქართველო - რუსეთს შორის საერთაშორისო შეიარაღებულ კონფლიქტს სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთის რეგიონში. ზოგიერთი კომენტატორი აღნიშნულ კონფლიქტს მოიხსენიებდა როგორც პირველ ევროპულ ომს 21-ე საუკუნეში. 

2016 წლის იანვარში, წინასასამართლო პალატამ საქართველოში გამოძიების დაწყების ნებართვა გასცა. გამოძიების სამიზნე არეალია ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები - მკვლელობა, მოსახლეობის იძულებითი გადასახლება, დევნა და ომის დანაშაულები, მათ შორის: მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმა, მიზანმიმართული მკვლელობები, თავდასხმები მშვიდობისმყოფელებზე, ქონების განადგურება და მარადიორობა, რაც სავარაუდოდ ჩადენილია საქართველოს კონფლიქტში 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრამდე პერიოდში. 

ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა სასამართლო შევიდა ახალ რეგიონში საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტის დროს ჩადენილი დანაშაულების გამოსაძიებლად. აღსანიშნავია, რომ რუსეთის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება, ასევე, იყო პირველი შემთხვევა,სადაც სასამართლო უპირისპირდებოდა იმ სავარაუდო დანაშაულებს, რაც ჩაიდინა გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედმა წევრმა, რომელიც არ იყო რომის წესდების (სტატუტის) წევრი სახელმწიფო. 

სასამართლოს რეპუტაციის გამოსწორების მოტივით, ბენსუდა ახალ რეგიონში სრულიად მოუმზადებელი შევიდა. ის და მისი ოფისი არ იცნობდნენ საქართველოს და რუსეთის სიტუაციას. სასამართლოს მაღალჩინოსნების უმრავლესობა ჩაერთო ისეთ სიტუაციაში, სადაც ისინი არ იცნობდნენ არც ადგილობრივ და არც რეგიონულ ისტორიას, კულტურას და ზოგადად, არსებულ ვითარებას. უფრო მეტად შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ სასამართლოს პროკურატურამ დაიწყო გამოძიება სტრატეგიის და ხედვის გარეშე, როგორ გამკლავებოდნენ საქართველოს სიტუაციაში არსებულ გამოწვევებს. თავიდან არსებობდა გარკვეული იმედები, რომ რუსეთი ითანამშრომლებდა სასამართლოს გამოძიებასთან, მაგრამ ეს იმედი გაქარწყლდა მას მერე, რაც 2016 წელს რუსეთმა გამოიხმო თავისი ხელმოწერა რომის წესდებიდან. 

11 წელზე მეტი გავიდა კონფლიქტის დაწყებიდან და 4 წელი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ დაწყებული გამოძიებიდან. ამ პერიოდის განმავლობაში, საქართველოში ომის ბევრი დაზარალებული გარდაიცვალა, ათასობით იძულებით გადაადგილებული პირი ცხოვრობს აუტანელ პირობებში. ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის გასწვრივ მოქალაქეები ცხოვრობენ შიშში, რაც გამოწვეულია ხშირი გატაცებებით და საქართველოს ტერიტორიის განგრძობითი ოკუპაცით. ომის დროს გარდაცვლილების ოჯახის წევრები და დაზარალებულები კარგავენ იმედს, რომ როდესმე აღსრულდება სამართალი. 

ეთნიკურად ქართველ დაზარალებულებს აშფოთებს ის საკითხი, რომ შესაძლოა, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ვერ დასაჯოს დამნაშავეები, რადგან რუსეთი არ თანამშრომლობს გამოძიებასთან. პროკურორ ბენსუდას გამოძიების სტატუსთან დაკავშირებით ბევრი კომენტარი არ გაუკეთებია და პროკურატურის მუშაობის კონფიდენციალურობის გამო, გაურკვეველია, როგორ მიმდინარეობს გამოძიება. არ არის ცნობილი (საჯაროდ) გაცემულია თუ არა დაკავების ორდერები სავარაუდო დამნაშავეების წინააღმდეგ. 

მართალია, ბენსუდას კიდევ ერთი წელი დარჩა გამოძიების შედეგების ჩვენებისთვის, მაგრამ ცხადია, რომ ეს პერიოდი არ იქნება საკმარისი სასამართლო პროცედურების დასასრულებლად. ამდენად, მომდევნო პროკურორის მოვალეობა იქნება, გაუმკლავდეს პირველ და ამ დრომდე მხოლოდ ერთადერთ არააფრიკულ გამოძიებას. 

მომავალი პროკურორის წინაშე არსებული გამოწვევები 

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მომავალ პროკურორს მძიმე დავალების შესრულება მოუწევს - მან უნდა უზრუნველყოს, რომგამოძიებულმადანაშაულებმა საქართველოში წარმოადგინოს ვიქტიმიზაციის რთული ასპექტები, განსაკუთრებით - ადამიანურობის წინაშე ჩადენილი დანაშაულები, როგორიცაა: ეთნიკური ქართველების იძულებითი გადაადგილება და დევნა, ომის დანაშაულები, ჩადენილი მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ, მიზანმიმართული მკვლელობები, ქონების განადგურება და მარადიორობა. უფრო მნიშვნელოვანია, რომ ახალი პროკურორის წინაშე არსებული გამოწვევა იქნება პოტენციური დამნაშავეების წინააღმდეგ დაკავების ორდერების აღსრულება, რითაც უნდა უზრუნველყოს იმ სავარაუდო დამნაშავეების დაკავება, ვინც ყველაზე მეტად იყვნენ პასუხისმგებელნი ჩადენილ დანაშაულებზე.

ასევე, მნიშვნელოვანია, საქართველოში მოხდეს სასამართლოს მანდატსა და გამოძიების პროცესზე არასწორი ინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლა. საჭიროა დაზარალებულ მოსახლეობასთან და ფართო საზოგადოებასთან დროული და ამომწურავი კომუნიკაცია, რისი პრობლემაც გამოვლინდა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში, როცა ქართველი პოლიტიკოსები ვაჭრობდნენ ურთიერთბრალდებებით იმის შესახებ, თუ ვინ იყო პასუხისმგებელი 2008 წლის რუსეთთან შეიარაღებულ კონფლიქტზე და ამით არასწორ ზეგავლენას ახდენდნენ მიმდინარე გამოძიებაზე. მსგავსმა პოლიტიკურმა დებატებმა, შესაძლოა, შეაფერხოსგამოძიებაში მსხვერპლების ეფექტიანიჩართულობა ან მათი სამომავლო თანამშრომლობა სასამართლოსთან. მნიშვნელოვანია, რომ მომავალმა პროკურორმა, როგორც პროკურორის ოფისის ხელმძღვანელმა, მიიღოს სათანადო ზომები საინფორმაციო ვაკუუმის პრევენციისათვის, რაც შესაძლოა, პოლიტიკოსებმა სათავისოდ გამოიყენონ. 

აღნიშნული დავალებებიარ არის ადვილად შესასრულებელი და მათზე დამოკიდებულია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ბედი. როგორც აფრიკის კონტიტენტის გარეთ მიმდინარე პირველი საერთაშორისო კონფლიქტის გამოძიება, რომელშიც ჩართულია გავლენიანი, არაწევრი სახელმწიფო, საქართველოს სიტუაცია ის შემთხვევაა, რომელიც გახდება მაგალითი სხვა რიგი ქვეყნებისა, რომლებმაც შესაძლოა, სასამართლო მიიჩნიონ სამართლიანობის აღსრულების საშუალებად. 

შემდეგი პროკურორის არჩევნები პროკურორის ოფისისა და ზოგადად სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ახალი ეპოქის დასაწყისი იქნება. დღეს სასამართლო არის უფრო მეტად საერთაშორისო, რომელიც იძიებს უფრო კომპლექსურ საქმეებს, უფრო გავლენიანი და უფრო არაკეთილგანწყობილი ქვეყნების მონაწილეობით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მომავალი პროკურორი იყოს გლობალური მოთამაშეებისგან სრულიად დამოუკიდებელი და ასევე ჰქონდეს გავლენიან სახელმწიფოებთან გამკლავებისგამოცდილება. მომავალი პროკურორის მიერ შერჩეული სტრატეგიები შესაძლოა, იყოს საუკეთესო და ერთადერთი შანსი ქართველებისთვის სამართლიანობის გარკვეული ზომის მისაღწევად.

ავტორის შესახებ: ნიკა ჯეირანაშვილი არის ორგანიზაცია „საერთაშორისო სამართლიანობის“ აღმასრულებელი დირექტორი. მანამდე ის მუშაობდა 2008 წლის ომის მსხვერპლებთან საქართველოში. სტატიაში გამოთმული მოსაზრებები არ გამოხატავს ღია საზოგადოების მართლმსაჯულების ინიციატივის მოსაზრებებს. 


ორიგინალი

gcicc
The Hague